Nose Art

Nose art – თვითმფრინავების ფიუზელაჟის (კორპუსის) ხატვისა და დიზაინის ხელოვნება, ერთგვარი  გრაფიტის სახეობაა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა.  კალიფორნიელ ხელოვნებათმცოდნე ბრიუს ჰერმანის აზრით, nose art–ი წარმოადგენს ევროპელი რაინდების ჰერალდიკის ტრადიციების გაგრძელებას. პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მფრინავები ძირითადად ძველი თავადების შთამომავლები იყვნენ და შესაბამისად აღიქვავდნენ საკუთარ თავებს “ახალ რაინდებად”. თუ შუასაუკუნეებში ხატვის ობიექტს ფარი წარმოადგენდა, რომელზეც ძირითადად საოჯახო ჰერბი იყო გამოსახული, 1910–იან წლებში ფარი თვითმფრინავმა შეცვალა.  აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ომის დაწყებამდე უამრავმა პილოტმა პროფესიონალური სამხატვრო განათლება მიიღო.  თავდაპირველად ნებისმიერი  ჰერბები, სხვადასხვა სიმბოლოები ან უბრლაოდ დევიზები  ჯერ ტილოზე იხატებოდა/იწერებოდა და შემდგომ მაგრდებოდა თვითმფრინავის ფრთებსა და კუდზე.

გავიდა დრო და შესაბამისად nose art–მაც განიცადა ევოლუცია. უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კლასიკური ნახატები აღარავის აინტერესებდა, მათი ადგილი  მულტიპლიკაციური ფილმების ცბონილმა გმირებმა დაიკავეს.  ყველასათვის საყვარელი მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი nose art-ის ე.წ. “ნათლი მამად” ითვლება. ომის დაწყების შემდეგ ამერიკის აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ სპეციალურად დაიქირავა დისნეის სტუდიიდან მხატვრები,რათა მათ გაეფორმათ სამხედრო თვითმფრინავები. დისნეის მხატვრები არა მარტო ამერიკელებისთვის შრომობდნენ, შეკვეთები იყო უამრავი ქვეყნებიდან: პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა,საფრანგეთი. მხოლოდ ომის პერიოდში 1200–მდე ნახატი გაკეთდა. ყველაზე პოპულარული  დონალდ დაკი იყო, ერთადერთი გმირი,რომელიც არცერთ თვითმფრინავზე არ იყო გამოსახული, ბემბი გახლდათ. დისნეის თაყვანისცემლები თვით გერმანიაშიც კი იყვნენ. უოლტი იხსენებს, რომ ძალზედ გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ ასობით Luftwaffe-ს გამანადგურებელი მისი მიკი მაუსით დაფრინავს.

დღესდღეობით nose art–ი ძალიან პოპულარულია დასავლეთში: იბეჭდება სხვადასხვა სამხედრო კონფლიკტების სიმბოლოებისა და ნახატების უამრავი კატალოგი. მაგალითად, აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების თითქმის ყველა თვითმფრინავი nose art–ის მსხვერპლია, გაგიკვირდებათ, და ზესაიდუმლო B-2 და F-117-ც.

Qantas never crashed

“Qantas”–ის ხსენებაზე ყოველთვის “Rain Man”–ი მახსენდება. გახსოვთ ის ეპიზოდი, როდესაც ჩარლი (ტომ კრუზი) აპირებს ცინცინატიდან ლოს–ანჯელესში გადაფრენას, რეიმონდი  (დასტინ ხოფმანი) კი იწყებს ყველა ავიაკომპანიის ჩამოთვლას და მათი უბედური შემთხვევების სტატისტიკის მოყვანას . ერთადერთი კომპანია, რომელიც უსაფრთხო ნუსხაშია შეტანილი რეიმონდის მიერ და ის მას ენდობა, ეს “Qantas”–ია… სამწუხაროდ, აშშ–ს შიდა რეისებს ის არ ახორციელებს:

დიახ, “Qantas”–ი დღესაც ინარჩუნებს ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების სტატუსს.  ის ავსტრალიის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია. ოფიციალური ლოგო – წითელ სამკუთხედში თეთრი კენგურუ, ამიტომაც მას ზოგჯერ   “მფრინავ კენგურუთ” მოიხსენიებენ.

უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ: აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “Qantas”–ის ისტორიაში არცერთი მსხვილი ავიაკასტროფა არ მომხდარა (ტფუ–ტფუ–ტფუ).  რამოდენიმე ავარია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაფიქსირდა, და ისიც უმნიშვნელო დანაკარგებით.

მაგრამ ამ კვირის განმავლობაში, კერძოდ ოთხსა და ხუთ ნოემბერს, “Qantas”–ის სახელი თითქმის ყველა საინფორმაციო გადაცემებში ბევრჯერ იქნა გაჟღერებული. მესმის, ინტერესი დიდია, მითუმეტეს თუ პრეტენზია გაქვს ყველაზე უსაფრთხო კომპანიის წოდებაზე.  დიახ, ამ ორი დღის განმავლობაში ინციდენტები დაფიქსირდა, კერძოდ 4 ნოემბერს სინგაპურიდან აფრენილ Airbus 380-800–ს 7 წუთის მერე ძრავი გაეთიშა. ბორტზე 433 მგზავრი და 26 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი მშვიდობიანად დაჯდა სინგაპურის აეროპორტში. 5 ნოემბერს Boeing-747–მა ასევე ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო  ავარიული დაჯდომა განახორციელა სინგაპურში, არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია მფრინავების უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთა ქმედებებმა წარმატებული შედეგი გვაჩვენა.

ასე რომ თუ დააპირებთ ავსტრალიაში მოგზაურობას, ენდეთ “მფრინავ კენგურუს”. ეს ჩემი და რეიმონდის რჩევაა 😉

Let The Music Play

დღეს შემოგთავაზებთ ჩემს მიერ შედგენილ მუსიკალურ Top-10–ს საავიაციო თემატიკაზე: თვითმფრინავები, აეროპორტები ან უბრალოდ ცაში აფრენის ოცნებები…

10. ათეულს ვხსნი ლეგენდარული მუსიკალური კოლექტივით Jefferson Airplane, რომელიც ძალზედ პოპულარული იყო 1960–70 წლებში.  მათი სადებიუტო ალბომი “Jefferson Airplane Takes Off” 1966 წ. გამოვიდა და დიდი წარმატება მოუტანა ბენდს. მაშ ვუსმენთ “Blues From An Airplane”–ს და ვქმნით პსიქოდელიურ გარემოს:

9. საპატიო მეცხრე ადგილი B.O.B.–ის, Hayley Williams-ისა და Eminem–ის ტრიოს სიმღერით “Airplanes”. დღესდღეობით ეს პოპულარული სიმღერაა,მსოფლიოს ჩარტებშიც უკავია კაი პოზიციები…”შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თვითმფრინავები ღამით ცაზე ვარსკვლავებს ჰგვანან…” წარმოიდგინეთ თქვენც:

8. ისევ 60–იანი წლების დასასრული–70–იანი წლების დასაწყისი… ამჯერად ჯგუფი Creedence Clearwater Revival. საინტერესო კოლექტივი სან–ფრანცისკოდან. სიმღერამ “Travelling Band” ალბომიდან  “Cosmo Factory” (1970 წ.) მეორე ადგილს იკავებდა აშშ–ს ჩარტში და მერვე – დიდი ბრიტანეთის. სიმღერის ავტორი მოგვითხრობს თავისი ბენდის უთვალავ გასტროლებზე და გადაფრენებზე Boeing – 737–ით:

7. ვმოგზაურობთ დროში და მივუახლოვდით 1999 წ. ამჯერად მუსიკალური ჯგუფი Foo Fighters სიმღერით “Learn To Fly” ალბომიდან “There Is Nothing Left To Lose” (1999 წ.). ყურადღებას იმსახურებს მუსიკალური კლიპი, რომლის მოქმედებაც თვითმფრინავში ვითარდება და ცნობილი კინოკომედია “Airplane”–ის პაროდიას წარმოადგენს:

6. 1945 წ. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია…კინოსტუდია “ლენფილმი” სამ სამხედრო პილოტ–მეგობარზე მუსიკალურ მხატვრულ ფილმს იღებს – “Небесный тихоход”. შეიძლება ფილმის სახელწოდება ბევრს არ ეცნო, მაგრამ სიმღერა ფილმიდან ყველასათვის ნაცნობია: “Первым делом, первым делом самолёты… Ну а девушки, а девушки потом!”

5. მივუახლოვდით საუკეთესი ხუთეულს. Susan Raye, 1970–იანი  წლების ქანთრის მომღერალი. ერთადერთი ცნობილი სიმღერა და ისიც ავიაციაზე – “L.A. International Airport”.  Boeing – 747, დიდი აეროპორტის დიდი აურზაური, ცრემლიანი თვალები… მოკლედ, ვუსმენთ და ვტკბებით სიუზანის ნაზი ხმით:

4. მე რა მამღერებს, უძირო ზეცა ზამბახის ფერი… დიახ, გენიალური ფილმი…ვერტმფრენ მი–2ს პილოტი ვალიკო, ჩვეულებრივი სომეხი მძღოლი რუბიკა, ტუ–144ს “სტიუარდესა” ლარისა ივანოვნა… ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი პერსონაჟები… გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა და პეტრე გრუზინსკის უკვდავი სიტყვები :

3. მესამე ადგილზე ისევ ტრიო – Peter, Paul and Mary, ისევ 60–იანი წლები. სიმღერამ “Early Morning Rain” მათ დიდი პოპულარობა მოუტანა. სიმღერის ავტორი Gordon Lightfoot–ი იხსენებს, რომ შექმნის იდეა მას ლოს ანჯელესის აეროპორტში მოუვიდა, როდესაც ის მეგობარს აცილებდა. “ვიდექი და ვუცქერდი Boeing – 707–ის აფრენას, ძალიან შთამბეჭდავი იყო…”

2. მეორე ადგილი და ჩემი ფავორიტი კოლექტივი Camel, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მელოდიურობით: საქსოფონი,ფლეიტა,პერკუსიონები… სიმღერა “Airborn” ალბომიდან  “Moonmadness” (1976 წ.):  you see the sky, you feel the sky, don’t know where you go,when you die… მე ვერაფერს დავამატებ:

1. რა თქმა უნდა Pink Floyd სიმღერით “Learning To Fly” ალბომიდან “A Momentary Lapse Of Reason” (1987 წ.).  სხვას ვის შეუძლია ასე დეტალურად აგვიღწეროს ფრენის სიამოვნების ყოველი წუთი და წამი, თუ არა David Gilmour–ს, მითუმეტეს რომ ის დიდი ხანია ფლობს პილოტის ლიცენზიას და დიდი ავიაენთუზიასტია: მის საკუთრებაშია “Intrepid Aviation” – საავიაციო მუზეუმი,სადაც ინახება უამრავი ისტორიული თვითმფრინავი:

ნოემბერი 2010
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930