“Georgian Wing”

წინა ღამის ცვლაა, სექტორს FGE123 (რეისის ნომერი შეგნებულად შეცვლილია) უახლოვდება… ეს ის დღე იყო, როცა ავიაკომპანია Fly Georgia-მ პირველი რეისი განახორციელა ამსტერდამში და უკან ბრუნდებოდა. შემოსვლისთანავე გამოვიდა კავშირზე:
(FGE123) – Georgian Wing 123, good evening, maintaining FL 390.
(მე, არ დავიბენი) – Georgian Wing 123, good evening, Tbilisi control,radar contact,maintain FL 390.
(ისევ მე) – Fly Georgia 123, just confirm new callsign “Georgian Wing”?
FGE123 – Affirmative, sir, since today we are “Georgian Wing”.
(მე) – Roger, Georgian Wing 123.
ვიცოდი რა, რომ პირველი რეისი იყო თბილისი – ამსტერდამი – თბილისის მიმართულებით, და მეც, ასე ვთქვათ, “შევუტიე” ფანტაზიას.
უცებ წარმოვიდგინე, რომ იქ მხოლოდ ერთადერთი “ბედნიერი” მგზავრი იყო, ახალგაზრდა ბიჭი, 24-28 წლის მაქსიმუმ. ამსტერდამმოვლილი, თუ როგორ მივიდა “კაი ხასიათზე” აეროპორტში და როგორ ჩაჯდა ცარიელ თვითმფრინავში, თუ როგორ სჯეროდა ბოლომდე, რომ ზუსტად ის რეისია და ზუსტად თბილისში მოფრინავს, როგორი დარწმუნებული იყო , რომ ვინმე აუცილებლად მოვა და თვითმფრინავი ნელ-ნელა აივსება მგზავრებით, თუ როგორ გაიცნო შემდეგ ყველა ბორტგამცილებელი მანდილოსანი, თუ რამდენად ულიმიტო საკვებისა და ნაირ-ნაირი სასმელების დაგემოვნების შანსი ჰქონდა… ვიმედოვნებ, რომ ფრენა ხალისიანად ჩაიარა! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, და სავსებით შესაძლებელია, რომ ის ერთადერთი მგზავრი მოხუცი პროფესორი ყოფილიყო, რომელიც მორიგ სიმპოზიუმზე იმყოფებოდა და სამშობლოში ბრუნდებოდა , ან ბალზაკის ასაკის ქალბატონი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია ვან გოგზე ან… მერე ხალხმა იმატა და იმატა, და იმ ახალგაზრდა ბიჭსაც არ გაუმართლა, ან იმ მოხუც პროფესორს, ან იმ ქალბატონს, ან…
პ.ს. არ დაგიმალავთ, და Fly Georgia-ს გულშემატკივარი ვარ მისი დაარსების დღიდან. ნებისმიერი ნოვაცია და მიღწეული წარმატება ქართულ ავიაციაში ძალიან სასიხარულო ამბავია პირადად ჩემთვის. Fly Georgia-ს ვუსურვებ წინსვლებს და ბევრ-ბევრ ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.

BORN after airBORNe

რთული წარმოსადგენია, საერთოდ როგორ ახერხებენ ორსული ქალბატონები თვითმფრინავით გადაადგილებას, მაგრამ თუ საქმეს სჭირდება, აბა სხვა რა გზა აქვთ. ამ ზაფხულს Emirates Airlines–ის ერთ–ერთ მორიგ ავიარეისზე დუბაიდან ( არაბთა გაერთიანებული საამიროები) მანილას ( ფილიპინები) მიმართულებით საინტერესო ამბავი დაფიქსირდა: ქალბატონმა ფრენის დროს იმშობიარა, და პილოტმა თვითმფრინავი ახლომდებარე აეროპორტში დასვა, კერძოდ ხოშიმინში (ვიეტნამი). ღმერთის წყალობით, ყველაფერი სასიხარულოდ დამთავრდა. სახელის მოფიქრებას დიდი ხანი არ დასჭირვებია, ბავშვის დედამ შესაშური ორიგინალურობა გამოიჩინა და EK დაარქვა. ცნობისთვის, “EK” Emirates Airlines–ის ოფიციალური flight code–ია. გაუმართლა პატარა ვაჟკაც EK–ს! აწი ექნება უფასო ავიაბილეთები და ისარგებლებს მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ავიახაზების სერვისით.

Vintage Posters

“Red Angle”

მორიგი დღის ცვლა… ჩემი სამუშაო საათები… ჩვეულებრივი რუტინული სიტუაცია, კავშირზე 2-3 თავისთვის “მობარბაცე” თვითმფრინავი… უცებ “ლისტში” ჩემთვის უცნობი callsign ამოტივდივდა. ჩვევა მაქვს, თუ ვერ ვპოულობ მოცემულ ბაზაში ამა თუ იმ ავიაკომპანიის ზედმეტსახელს, ჩემთვის ბლოკნოტში ვიწერ (უკვე 20-მდე მაქვს ^^). უცებ შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ “მას” “Red Angle”-ით შეიძლება მივმართო. ერთი სული მქონდა, როდის შემოვიდოდა ჩემს საჰაერო სივრცეში.
– Tbilisi Control, good afternoon, it’s IFA123…
– Good afternoon, IFA123, Tbilisi Control, radar contact.
(ისევ მე) – IFA123, just confirm, your ICAO callsign “Red Angle”?
(10 წამიანი დუმილი) – Yes, sir, we are “Red Angle”.
(ისევ ის) – I am very happy, sir, because nobody calls us like “Red Angle”. Actually at first we had yellow mark on our aircraft, but now red one.
(5 წამიანი სიჩუმე…ისევ აგრძელებს) – Actually we operate ambulance services,but not now.
(მე ხმას არ ვიღებ… ის) – I like Georgia very much. I like your “Tsinandali” and Georgian wrestling, I like it very much.
(მე ამაყად) – Thank you very much, sir! Greetings from me! ( მეღიმება)
გავაცილე საჰაერო ჰომალდი საზღვრამდე…
– “Red Angle” 123, contact Rostov, have a nice flight!
– Contacting Rostov,”Red Angle” 123, good luck and thank you very much!

I like my job 🙂

მორიგი ღამის ცვლა

მიყვარს ღამის ცვლა…ალბათ იმიტომ, რომ ღამე მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ, გალაკტიონის თქმის არ იყოს, „სავსე გრძნობებით მტრედისფერ“ ცაში მფრინავ თვიმთფრინავებს ვემსახურები. რომანტიკას რომ შევეშვათ, ღამით ფაქტიურად უფრო საინტერესოა მუშაობა, იმიტომ რომ უფრო მეტი საჰაერო ხომალდია, უფრო დატვირთული ხარ, შესაბამისად – უფრო „ამუღამებ“ და უფრო ვითარდები პროფესიონალურად, განსაკუთრებით, „ტრეფიკის“ ან ე.წ. „პატოკის“ დროს. ორი სიტყვით „პატოკის“ ფენომენზე: ყველაზე დატვირთული საათები, 04:00-დან 06:00/06:30-მდე და ამ დროს კავშირზე 12-15 საჰაერო ხომალდი გყავს. ერთია,როცა უბრალოდ შემოვა თვითმფრინავი სექტორში და გასვლისას დაგემშვიდობება, მეორე საქმეა, როცა ყველა რაღაცას გთხოვს. გუშინ მქონდა ზუსტად მასეთი დღე, თან “ტრეფიკზე“ მომიწია მუშაობა. სამ საათზე შევცვალე მეზვრო და ამ ამინდებზე დაგრუზულმა შევუდექი საქმეს. საერთოდ მე და მეზვროს შვეიცარიული საათივით გვაქვს აწყობილი სამუშაო საათები, საშინლად პუნქტუალურები ვართ, თუ ორი წუთითაც ვაგვიანებთ, სმს-ით ვატყობინებთ ან წინასწარ ვაფრთხილებთ ერთმანეთს. თავიდანვე უნებლიედ გამოგვივიდა მასე და დღემდე არ ვარღვევთ წესდებულებას.

სანამ მაქსიმალურად დატვირთული არ ხარ, ცდილობ ტელეფონის საშუალებით მეზობელ სექტორებს (ჩემს შემთხვევაში – ანკარისა და როსტოვის ზონებს) გადასცე საჭირო ინფორმაცია. ვრეკავ როსტოვში. იქიდან მანდილოსანი მპასუხობს. ხმაზე უკვე ყველა ყველას სცნობს,მხოლოდ ხმაზე, არც სახელები ვიცი პირადად მე. ბოლოს ვეკითხები:

– А можно один вопрос?

– Да, слушаю.

– Как у Вас с погодами? Снег идет?

იცინის:

– Он уже не идет, он лежит.

– А у нас идет

– У нас шел, шел, теперь только лежит и минус 20!

მეცინება მეც:

– У нас тоже холодно, но не настолько. Зато у нас снег идет.

– Вам повезло.

– Ну удачи! Терпите!

და ისევ თვითმფრინავები…

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი არ მიყვარს, მაინც ლამაზად თოვდა გუშინ

Red Square – “Sheremetevo-3”

28 მაისი 1987 წ…. მოსკოვში  გაზაფხულის მზიანი დღე იყო… წითელ მოედანზე,ისევე როგორც ყოველთვის, უამრავი ხალხი ფუსფუსებდა:სურათები,სუვენირები,შეყვარებული წყვილები, – როგორც ყოველთვის. უცებ პატარა თვითმფრინავი შენიშნეს. ჯერ გადამფრენი ეგონათ, როცა მოახლოება დაიწყო,ბევრი შეშინდა… ის კი მოედანზე  ეშვებოდა, ზუსტად ისე, როგორც ადგილობრივ აეროპორტებში ხდება ხოლმე… ჯერ ძრავი არ ჰქონდა გათიშული, რომ გამოვარდა და ავტოგრაფების დარიგება დაიწყო: მატიას რუსტი, გერმანიიდან. 18 წლის მოზარდი და ასეთი მოხერხებული! ისე მამაჩემს რომ თვითმფრინავების ბიზნესი ჰქონდეს, მეც კი გავფრინდებოდი სადმე. ალბათ ბევრი რამე გაუგია სსრკ-ზე გერნამელ ახალგაზრდას, ბევრი წაუკითხავს… გაგონილს ნახვა სჯობიაო! ხოდა ერთ დღესაც გამოფრინდა ჰამბურგიდან,ჩავიდა ჰელსინკში და შემდგომ პირდაპირ მოსკოვისკენ აიღო გეზი.

(სურათზე მატიას რუსტი თავისი Cessna 172 Skyhawk-ით)

19:10 ჩაფრენის დრო. რამოდენიმე წუთი ავტოგრაფებისთვის. მობილიზებული მილიცია, დაკავება… აგორდა უამრავი ჭორი, ვითომ და დასავლეთის სპეცსამსახურების კარგად გათვლილი ოპერაცია იყო, აგენტობა… რუსტმა კი უბრალოდ განაცხადა: „მაშინ მე იმედებით აღსავსე ვიყავი. მე მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. ჩემმა გადაფრენამ  ხიდი შექმნა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ .

მას 4 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში 1 წელი გაჩერდა, უფრო სწორად 432 დღე.  იმდროინდელმა თავჯდომარემ, ანდრეი გრომიკომ, ამნისტიას მოაწერა ხელი.

ამ  ყველაფერმა ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია მთელ საბჭოთა კავშირში, და არა მხოლოდ, რომ უამრავი ანეკდოტი,ლექსი თუ სიმღერა მიუძღვნეს მას. წითელ მოედანს ახალი სახელი მოუგონეს – „შერემეტევო-3“ (ცნობისთვის, „შერემეტევო-1“ და „შერემეტევო-2“ მოსკოვის აეროპორტებია).

საკმაოდ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა მატიასს ამ ყველაფრის შემდეგ. 1989 წ. პაემანზე არწამოსული მედდა დაჭრა დანით. 1997 წ. ინდუიზმის მიმდევარი გახდა, ბომბეელი ჩაის ბიზნესის მეპატრონის ქალიშვილი  გიტა მოიყვანა ცოლად. 2001 წ. სუპერმარკეტში სვიტრი მოიპარა. ახლა კი პოკერით ირჩენს თავს.

დღესაც ბურუსითაა ეს ამბავი  მოცული. როგორ გაეპარათ იმდროინდელ სამხედროებს ეს თვითმფრინავი? ვითომ და დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა და სამხედრო გამანადგურებლებმა ვერ მოახერხეს ჩამოგდება, ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები პროფილაკტიკის მიზნით არ ფუნქციონირებდნენ და ა.შ., თუ უბრალოდ  რუსი სამხედროების დაუდევრობა?იმედია, მალე გავიგებთ ყველაფერს. 2012 წ.,იმ გრანდიოზული დღის 25 წლისთავზე, მატიასი ხალხს დაპირდა, რომ მემუარებს გამოაქვეყნებს და ყველაფერს დეტალურად მოგვიყვება. იმედია…

თქვენთვის, გურმანებო!

ამას წინად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თვითმფრინავში მგზავრობისას ადამიანს ეჩვენება, რომ საჭმელი ყოველთვის მარილიანია, ძალზედ ტკბილი და ამავდროულად ხრაშუნა. ამის მიზეზი, გაგიკვირდებათ და, თვითმფრინავის ხმაურია.

ჩატარდა გამოკვლელა, რის შედეგაც ერთმა და იმავე ხალხმა იგემოვნეს საჭმელები ყურსასმენებით, სადაც ისმოდა თვითმფრინავის ძლიერი ხმა, და ჩვეულებრივ ვითარებაში.  შედეგმა გაამართლა მოლოდინები!  ბევრი წუწუნებდა იმაზე, რომ საჭმელი მარილიანი იყო, ან გადამეტებულად ტკბილი და ა.შ.  ხმის ეფექტი გემოს რეცეპროტებზე ცალსახაა. მეცნიერები დაგვპირდნენ, რომ სამომავლოდ უფრო დეტალურად შეისწავლიან ამ უცნაურ თვისებებს.

მანამდე კი უბრალოდ „დატკბით“ ქეთერინგის სერვისით და ნუ უსაყვედურებთ მშვენიერ ბორტგამცილებლებს საკვების მარილიანობაში.

Cargo Cult

დღეს აღარავის უკვირს ჯედაიზმი ან გუგლიზმი. თანამედროვეობამ ახალი ინტერესები და რელიგიები შექმნა. გაგიგიათ „კარგოს კულტზე“? თუ არა, ეს პოსტი თქვენთვისაა.

ასე მოიხსენიებენ რელიგიურ მოძრაობას მელანეზიაში (კუნძულების ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში, ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით).  ამ რელიგიური მოძრაობის წარმომადგენლებს სწამთ, რომ დასავლეთის ტვირთები ( cargo – ინგლ. ტვირთი)  მათი წინაპრების სულებმა შექმნეს. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტომის წარმომადგენელი, სტუმრად გყავთ ვიღაცა უცხო „ბიძიები“ შენთვის შეუფერებელ ტანსაცმელში. სინამდვილეში ეს ამერიკელი ჯარისკაცები იყვნენ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ოკეანიის სხვადასხვა ადგილებში დაბინავდნენ და თვითმფრინავებიდან ჩამოგდებულ ტვირთს დროთადრო ადგილოებრივ მოსახლეობას ანებივრებდნენ.  მე რომ ვიყო იქაური მაცხოვრებელი და ყოველდღიურად მიწევდეს ათობით კილომეტრების გავლა, მიწის თოხნა, დაბარვა და ათასნაირი სხვა სამუშაოების გაკეთება, რათა ლუკმა პური ვიშოვო და ოჯახი ვარჩინო, მირჩევნია ისე უსაქმურად ვიჯდე და ამერიკული სამხედრო საჭმელებით ვიკვებებოდე.

ზუსტად ამგვარად მოიქცა მელანეზიის ხალხი და მალე „კარგოს კულტიც“ შეიქმნა. მათ სჯეროდათ, რომ სინამდვილეში ამერიკელები მხოლოდ შუამავლები იყვნენ და  ეს ტვირთი მათი წინაპრების მიერ იყო გამოგზავნილი.

გავიდა დრო… დასრულდა ომი… ამერიკელები დაბრუნდნენ სახლებში, თვითმფრინაბიც აღარ ჩანდნენ…ხალხს კი შიოდა…

მოსახლეობამ ჭკვიან ხერხს მიმართა და გამოსავალიც მოიძებნა : თივისგან და ქოქოსის პალმებისგან შექმნეს ასაფრენ–დასაფრენი ბილიკების, აეროპორტებისა და რადიოსადგურების მაკეტები.

მათი აზრით, ამით გაახარებდნენ  წინაპრების სულებს,  დესპანები (ანუ თვითმფრინავები) ისევ გამოჩნდებოდნენ  ცაზე და გადმოუგდებნენ ნანატრ საკვებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ხისგან გაკეთებულ ყურსასმენებით სამეთვალყურეო კოშკებიდან ახდენდნენ იმიტირებული თვითმფრინავების მართვას, ანთებდნენ ჩირაღდნებს ბილიკებისთვისა და შუქურებისთვის.

დაუღალვმა შრომამ წარმატებით დასრულდა: 1987 წ. რეგიონში ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა. კუნძულზე ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს. აბა გაგებედათ და გეთქვათ მათთვის, რომ  ეს ყველაფერი მათი ღმერთების მიერ არ იყო გამოგზავნილი! როგორც ერთერთმა მაცხოვრებელმა განუმარტა მაშველს:„თქვენს ღმერთმს, ქრისტიანებო, 2000 წელი არაფერი გამოუგზავნია თქვენთვის, ჩვენ კი არც თუ ისე დიდი დრო დაგვჭირდა“.

Nose Art

Nose art – თვითმფრინავების ფიუზელაჟის (კორპუსის) ხატვისა და დიზაინის ხელოვნება, ერთგვარი  გრაფიტის სახეობაა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოცენდა.  კალიფორნიელ ხელოვნებათმცოდნე ბრიუს ჰერმანის აზრით, nose art–ი წარმოადგენს ევროპელი რაინდების ჰერალდიკის ტრადიციების გაგრძელებას. პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მფრინავები ძირითადად ძველი თავადების შთამომავლები იყვნენ და შესაბამისად აღიქვავდნენ საკუთარ თავებს “ახალ რაინდებად”. თუ შუასაუკუნეებში ხატვის ობიექტს ფარი წარმოადგენდა, რომელზეც ძირითადად საოჯახო ჰერბი იყო გამოსახული, 1910–იან წლებში ფარი თვითმფრინავმა შეცვალა.  აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ომის დაწყებამდე უამრავმა პილოტმა პროფესიონალური სამხატვრო განათლება მიიღო.  თავდაპირველად ნებისმიერი  ჰერბები, სხვადასხვა სიმბოლოები ან უბრლაოდ დევიზები  ჯერ ტილოზე იხატებოდა/იწერებოდა და შემდგომ მაგრდებოდა თვითმფრინავის ფრთებსა და კუდზე.

გავიდა დრო და შესაბამისად nose art–მაც განიცადა ევოლუცია. უკვე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კლასიკური ნახატები აღარავის აინტერესებდა, მათი ადგილი  მულტიპლიკაციური ფილმების ცბონილმა გმირებმა დაიკავეს.  ყველასათვის საყვარელი მულტიპლიკატორი უოლტ დისნეი nose art-ის ე.წ. “ნათლი მამად” ითვლება. ომის დაწყების შემდეგ ამერიკის აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ სპეციალურად დაიქირავა დისნეის სტუდიიდან მხატვრები,რათა მათ გაეფორმათ სამხედრო თვითმფრინავები. დისნეის მხატვრები არა მარტო ამერიკელებისთვის შრომობდნენ, შეკვეთები იყო უამრავი ქვეყნებიდან: პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა,საფრანგეთი. მხოლოდ ომის პერიოდში 1200–მდე ნახატი გაკეთდა. ყველაზე პოპულარული  დონალდ დაკი იყო, ერთადერთი გმირი,რომელიც არცერთ თვითმფრინავზე არ იყო გამოსახული, ბემბი გახლდათ. დისნეის თაყვანისცემლები თვით გერმანიაშიც კი იყვნენ. უოლტი იხსენებს, რომ ძალზედ გაბრაზდა, როცა გაიგო, რომ ასობით Luftwaffe-ს გამანადგურებელი მისი მიკი მაუსით დაფრინავს.

დღესდღეობით nose art–ი ძალიან პოპულარულია დასავლეთში: იბეჭდება სხვადასხვა სამხედრო კონფლიკტების სიმბოლოებისა და ნახატების უამრავი კატალოგი. მაგალითად, აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების თითქმის ყველა თვითმფრინავი nose art–ის მსხვერპლია, გაგიკვირდებათ, და ზესაიდუმლო B-2 და F-117-ც.

Qantas never crashed

“Qantas”–ის ხსენებაზე ყოველთვის “Rain Man”–ი მახსენდება. გახსოვთ ის ეპიზოდი, როდესაც ჩარლი (ტომ კრუზი) აპირებს ცინცინატიდან ლოს–ანჯელესში გადაფრენას, რეიმონდი  (დასტინ ხოფმანი) კი იწყებს ყველა ავიაკომპანიის ჩამოთვლას და მათი უბედური შემთხვევების სტატისტიკის მოყვანას . ერთადერთი კომპანია, რომელიც უსაფრთხო ნუსხაშია შეტანილი რეიმონდის მიერ და ის მას ენდობა, ეს “Qantas”–ია… სამწუხაროდ, აშშ–ს შიდა რეისებს ის არ ახორციელებს:

დიახ, “Qantas”–ი დღესაც ინარჩუნებს ყველაზე უსაფრთხო ავიახაზების სტატუსს.  ის ავსტრალიის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია. ოფიციალური ლოგო – წითელ სამკუთხედში თეთრი კენგურუ, ამიტომაც მას ზოგჯერ   “მფრინავ კენგურუთ” მოიხსენიებენ.

უსაფრთხოებას დავუბრუნდეთ: აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “Qantas”–ის ისტორიაში არცერთი მსხვილი ავიაკასტროფა არ მომხდარა (ტფუ–ტფუ–ტფუ).  რამოდენიმე ავარია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაფიქსირდა, და ისიც უმნიშვნელო დანაკარგებით.

მაგრამ ამ კვირის განმავლობაში, კერძოდ ოთხსა და ხუთ ნოემბერს, “Qantas”–ის სახელი თითქმის ყველა საინფორმაციო გადაცემებში ბევრჯერ იქნა გაჟღერებული. მესმის, ინტერესი დიდია, მითუმეტეს თუ პრეტენზია გაქვს ყველაზე უსაფრთხო კომპანიის წოდებაზე.  დიახ, ამ ორი დღის განმავლობაში ინციდენტები დაფიქსირდა, კერძოდ 4 ნოემბერს სინგაპურიდან აფრენილ Airbus 380-800–ს 7 წუთის მერე ძრავი გაეთიშა. ბორტზე 433 მგზავრი და 26 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი მშვიდობიანად დაჯდა სინგაპურის აეროპორტში. 5 ნოემბერს Boeing-747–მა ასევე ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო  ავარიული დაჯდომა განახორციელა სინგაპურში, არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია მფრინავების უმაღლესი პროფესიონალიზმი, რომელთა ქმედებებმა წარმატებული შედეგი გვაჩვენა.

ასე რომ თუ დააპირებთ ავსტრალიაში მოგზაურობას, ენდეთ “მფრინავ კენგურუს”. ეს ჩემი და რეიმონდის რჩევაა 😉

Previous Older Entries

აგვისტო 2021
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031